დღეს, 2008 წლის 6 მაისს, "სამეფო უბნის" თეატრში გაიმართა ძალიან საინტერესო აქცია "გაცოცხლებული ნახატები".
აქცია ჩატარდა სტუდია "ტელევეზირის" ორგანიზებით.
"ტელევეზირი" არის პროექტი, რომლის ავტორი და რეჟისორია ბ-ნი ნოდარ ბეგიაშვილი.
პროექტის შექმნა განაპირობა ბავშვის მიერ დახატულმა ტელევიზორის ჩარჩოში მოქცეულმა სასაცილო კაცუნამ, რომელიც შემდგომში გაცოცხლდა და საფუძველი ჩაუყარა სხვა ბავშვების მიერ შექმნილი ნახატების გაცოცხლებასაც.
დღევანდელი აქციის განმავლობაში წარმოდგენილი იყო ბავშვების ნახატებით და მათივე გახმოვანებით დამზადებული ანიმაციური ფილმი "შავი ზღვა", აგრეთვე ფილმი, რომელშიც ნაჩვენები იყო რამოდენიმე წლის წინ ჩატარებული მსგავსი აქციის ამსახველი კადრები.
ამასთან ერთად, ბავშვები კითხულობდნენ მათ მიერ დაწერილ ლექსებსა და მოთხრობებს და შემდეგ ისინი განაწილდნენ მაგიდებთან, სადაც მათთვის მომზადებული იყო სახატავი ფურცლები და ფანქრები იმისთვის, რომ მათ შეექმნათ ნახატები, რომლებიც იქვე გაცოცხლდებოდა კომპიუტერის მეშვეობით.
ნახატები ძირითადად შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" თემაზე უნდა შექმნილიყო, თუმცა ბავშვები შეზღუდულები არ იყვნენ მათი სურვილის მიხედვით შეერჩიათ ნახატის თემა.
რაც შეეხება ჩემს ამ აქციაზე მიწვევას, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 169-ე სკოლის მასწავლებელმა, ქ-ნმა ლეილა ხიჩაკაძემ მთხოვა გამეგზავნა მისი შვილის ნახატები ამ პროექტისთვის.
ქ-ნი ლეილა პროექტს გაეცნო დაწყებითი სკოლის მასწავლებლებთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს ბლოგის პრეზენტაციის შედაგად, სადაც მითითებულია ამ პროექტის ვებ-გვერდის მისამართი სათაურით "გააცოცხლეთ თქვენი ნახატები".
ის დაინტერესდა და ელექტრონული ფოსტით გამომიგზავნა 3 ნახატი, რომლებიც მე გადავუგზავნე ბ-ნ ნოდარ ბეგიაშვილს, მისგან კი პასუხად მივიღე შეტყობინება, რომლის შედეგადაც აღმოვჩნდი დღევანდელ აქციაზე.
დიდი მადლობა ბ-ნ ნოდარს მიწვევისთვის და აგრეთვე, ქ-ნ ლეილა ხიჩაკაძეს, რომელიც დაინტერესდა პროექტით და გადაწყვიტა მასში მონაწილეობის მიღება.
როგორც ბატონმა ნოდარმა მომწერა, ამჟამად მუშაობენ ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერაზე "ჯადოსნური ფლეიტა" და პროექტში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
ამისთვის საჭიროა ბავშვებს მოასმენინოთ ეს ოპერა ან ესაუბროთ მასზე, შემდეგ მათ დახატონ მოქმედი პერსონაჟები, რომლებიც შემდგომში გაცოცხლდებიან.
ასევე შეუძლიათ იმღერონ არიები ამ ოპერიდან და დაუკრან კიდეც.
პროექტ "ტელევეზირის" შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მოცემულია ვებ-გვერდზე
"ტელევეზირი". რუბრიკაში "გამოგვიგზავნეთ" იხილავთ დაწვრილებით საკონტაქტო ინფორმაციას, თუ როგორ და სად გააგზავნოთ ნახატები, ხოლო გაცოცხლებული ნახატების დასათვალიერებლად დააწკაპეთ სათაურზე "გაცოცხლებული ნახატები".
გისურვებთ წარმატებებს!
იხილეთ დღევანდელი აქციის ამსახველი ფოტო და ვიდე მასალა.
No comments:
Post a Comment